პრემიერმინისტრი ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა (ფოტო, ვიდეო)

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში ევროკავშირის ელჩს საქართველოში − პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრა ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას შეეხებოდა. ელჩებმა მიულოცეს პრემიერმინისტრს ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის დიპლომატიურ კორპუსს.

შეხვედრაზე შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს.

როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ერთიანი ძალისხმევით მოახერხა მოკლე პერიოდში შეესრულებინა თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიის მიერ იყო განსაზღვრული და დაადასტურა მთავრობის მზაობა რეფორმების აქტიური პროცესის გაგრძელებისადმი.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ქვეყანა დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამ პროცესში მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მუდმივ დიალოგს და მჭიდრო კოორდინაციას ევროპელ კოლეგებთან.

ელჩებთან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები