„ევროპაში დადიოდნენ და არწმუნებდნენ ჩვენს კოლეგებს, რომ არჩევნებს უფრო დიდი ანგარიშით წააგებდნენ, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა” – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე

„ევროპაში დადიოდნენ და არწმუნებდნენ ჩვენს კოლეგებს, რომ არჩევნებს წააგებდნენ უფრო დიდი ანგარიშით, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„რას აკეთებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია? ისინი ქირაობდნენ ლობისტებს, აფორმებდნენ კონტრაქტებს, რომ როგორმე საქართველოს რეპუტაცია შელახულიყო და როგორმე დროში გადადებულიყო საქართველოს ევროპული წარმატებები. ისინი ბოიკოტს უცხადებდნენ საკუთარ ქვეყანას არა ერთხელ, პარლამენტს და ევრორეკომენდაციებს. პრაქტიკულად, მონაწილეობა არ მიიღეს ამ რეფორმების განხილვასა და შემუშავებაში. ვნახეთ დესტაბილიზაცია ქუჩებში და თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ევროპაშიც დადიოდნენ და არწმუნებდნენ ჩვენს კოლეგებს, რომ არჩევნებს წააგებდნენ უფრო დიდი ანგარიშით, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა. ეს იყო საქმე, რომლითაც რადიკალური, საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი იყო სამწუხაროდ დაკავებული. დღეს აღარაფერი რჩებათ სათქმელი და ამბობენ ერთადერთს, თითქოს, კანდიდატის სტატუსი აღარ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც თავიდან მიაჩნდათ და თითქოს საქართველომ ერთი წელი დაკარგა. საქართველომ კი არა, თქვენ დაკარგეთ ერთი წელი იმ არასწორი ნაბიჯებისა და კამპანიის წარმართვაში. დაკარგეთ ფულიც, მხარდაჭერაც, ნდობაც და სხვა რესურსიც ამ ერთი წლის განმავლობაში.

ჩვენ რომ გვყოლოდა უფრო ევროპული, უფრო პასუხისმგებლობიანი, უფრო ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიცია ნამდვილად უფრო სწრაფად და უფრო მეტ შედეგს მიაღწევდა საქართველო, თუმცა, ჩვენ დრო ნამდვილად არ დაგვიკარგავს არც რეფორმებისა და არც პროგრესის მისაღწევად. ჩვენი პოლიტიკური გუნდი და ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად ორიენტირებულია მომავალზე. ჩვენ გვაქვს ხედვა ჩვენი ქვეყნის განვითარების, გვაქვს გეგმები, გვყავს წარმატებული გუნდი და მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები