კახა კალაძე: საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ჩინეთთან ურთიერთობები უფრო საინტერესო გახადოს

თბილისის მერი, კახა კალაძე ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

კალაძის აზრით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ჩინეთთან ურთიერთობები უფრო საინტერესო გახადოს.

„ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა განმარტებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ასეთ ურთიერთობებს. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ჩინეთთან ურთიერთობები გააღრმაოს, უფრო საინტერესო გახადოს. ამ მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი და შესაძლებლობაა. ყველაფერი უნდა იყოს გამოყენებული, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა „LCI-თან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, გულში თუ იმედოვნებს, რომ პუტინი და ასევე სი ძინპინი როდისმე გასამართლდებიან, განაცხადა: „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები