“ევროკავშირმა, პრაქტიკულად, მწვანე შუქი აუნთო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად” – არჩილ თალაკვაძე
“ევროკავშირმა, პრაქტიკულად, მწვანე შუქი აუნთო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად – ეს შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ სესიაზე განაცხადა.
„ვულოცავ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას. ევროკავშირმა, პრაქტიკულად, მწვანე შუქი აუნთო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, ვინც ამ წლების განმავლობაში მტკიცედ გვიჭერდა მხარს რეფორმებში, იმ პოლიტიკაში რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა. სწორედ ამ პოლიტიკამ დააბრუნა საქართველოში ევროპული პერსპექტივა და ამ პოლიტიკის შედეგია, რომ ფუნდამენტური მიმართულებებით საქართველოს აქვს არსებული პროგრესი, ეს არის მშვიდობა და უსაფრთხოება მაშინ, როცა ჩვენს ნომერ პირველ ამოცანად რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია.
ეს არის დემოკრატიის გაძლიერება ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის უფრო ძლიერი, გაზრდილი ეკონომიკა და ეს არის ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებითი პროგრესი. ეს შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და დღეს ჩვენი ქვეყანა უფრო ევროპული, თავისუფალი, ძლიერი და წარმატებულია, ვიდრე იყო 10 წლის წინ“,- აღნიშნა თალაკვაძემ.