ირაკლი კობახიძე: დღეს გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია
„დღეს გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის რეიტინგი კიდევ უფრო შემცირდება.
„ნაცმოძრაობის“ გაერთიანებული რეიტინგი არის 20% და ვერცერთი სხვა პარტია ვერ ახერხებს, ამ კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვას. ეს კვლევა ჩატარდა იქამდე, ვიდრე ევროკომისია გამოაქვეყნებდა დადებით რეკომენდაციას. რა თქმა უნდა, ეს პროცენტები კიდევ უფრო მეტად შემცირდება ოპოზიციის მხარეს და სწორედ ეს ადარდებს რადიკალურ ოპოზიციას და ამიტომ მიიღეს მათ ასე ტრაგიკულად ევროკომისიის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა – სტრატეგია აღმაშენებელია“.