მაჭარაშვილი – ხაზარაძის განცხადებაზე: აღიარებითი ჩვენებების სერია გრძელდება
“აღიარებითი ჩვენებების სერია გრძელდება. ჩვენ ვიხილავთ ძალიან ბევრს, წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მსგავსი განცხადებების ფონზე, საზოგადოება პროცესებს უკეთ დაინახავს.
“არა მხოლოდ ხაზარაძე, რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ ამბობს – რა ვქნათ ჩვენ, ხალხი მხარს არ გვიჭერს, ხელისუფლებაში ისე როგორ მოვიდეთ? ან ვიღაც უნდა დავასანქციროთ, ან შეაშინონ ხალხი, საკუთარი ქვეყანა უნდა დავაზიანოთო, აბა, რა ვქნათ, ხელისუფლებაში სხვანაირად ვერ მოვდივართო… პირდაპირი აღიარება არის ბატონი ხაზარაძის. ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოება კიდევ კარგად დაინახავს, თუ ვისი და რისი იმედი აქვს არჩევნებში რადიკალურ ოპოზიციას”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: “ნამდვილად არ მინდა, ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის ინტერესზე და ეროვნულ ინტერესზე, იქ ყველა მეთოდი მისასალმებელია იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია ჩვენს მომავალზე”.