“ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი და იმართება კონცერტები” – ელისო ბოლქვაძე
“როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ ოპოზიციონერ კოლეგას, რომან გოცირიძეს, რომელმაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დისკუსიისას ბიუროს მიმართა, განიხილონ როგორც მისი კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უძრავი ქონების შეძენის აკრძალვის შესახებ, ასევე, ელისო ბოლქვაძის წინადადება პარლამენტში როიალის შეტანასთან დაკავშირებით.
„ძალიან ბევრი სპეკულაციაა ამ როიალის დადგმასთან დაკავშირებით. როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები. კონცერტები და კლასიკური მუსიკა გართობის თემა არ არის. ეს არის ცნობიერების ამაღლება“, – აღნიშნა ბოლქვაძემ.