რატი ბრეგაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა საკუთარ თავს უფლება მისცა, სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მსგავსი ტიპის სიტყვები გამოეყენებინა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც მან პუტინისა და სი ძინ პინის პასუხისგებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორის მიმართ პრეზიდენტის ეს განცხადება ძალიან სამწუხაროა.
„დაუშვებელია, ქვეყნის მიმართ, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს, ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა საკუთარ თავს უფლება მისცა, სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მსგავსი ტიპის სიტყვები გამოეყენებინა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს LCI-სთან ინტერვიუს დროს ჰკითხეს, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა: „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა“.