ირაკლი ჩიქოვანი – ზურაბიშვილზე: არ მგონია, არ ესმოდეს იმ განცხადების პროვოკაციულობა და სიმძიმე, რომელიც მან გააკეთა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
“ადამიანს, რომელსაც გარკვეული დიპლომატიური გამოცდილება აქვს, რომელიც მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რომელსაც აქვს საფრანგეთის სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის ისტორია, რომელიც იყო საქართველოს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, არ მგონია, არ ესმოდეს იმ განცხადების პროვოკაციულობა და სიმძიმე, რომელიც მან გააკეთა.
ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების პირდაპირ ხელის შეშლა. ეს არის ობიექტური რეალობა. დღეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწია განმარტებების გაკეთება და მან მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ჩვენი ქვეყანა არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ამ სახელმწიფოში საგარეო პოლიტიკას არ განსაზღვრავს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი და ჩვენ ვაგრძელებთ ჩინეთთან თანამშრომლობის აღებულ კურსს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში სი ძინპინისა და პუტინის გასამართლებაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ მისი შინაგანი რწმენით, „ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა“.