დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მაუწყებლობის შესახებს კანონში ცვლილებები განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შესახებ ორი კანონპროექტი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა კოლეგებს წარუდგინა ცვლილების პროექტი, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა თანამდებობაზე განწესებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს. კერძოდ, კანონს ემატება კომისიის წევრის შერჩევის პრინციპები და ადგენს, რომ მთავრობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იქმნება სათანადო შესარჩევი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით. კომისია გადაარჩევს განაცხადებს და გასაუბრებას გამართავს ყველა იმ კანდიდატთან, ვინც აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამის შემდეგ საკონკურსო კომისია მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებით.

პროექტი ასევე ითვალისწინებს კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და პროცედურებს. საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა, კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 15 დღეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.

მომხსენებლის თქმით, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები ხორციელდება ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან გამომდინარე.

კომიტეტმა სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ კანონში” ცვლილების კიდევ ერთი პროექტი განიხილა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ სხდომაზე წარადგინა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების საკითხს შეეხება. კერძოდ, იცვლება ამჟამად არსებული ჩანაწერი, რომ მაუწყებელი დაფინანსდება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ით. ცვლილებით განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი წესი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები. ხოლო თუ მაუწყებლის დაფინანსების წინა წელთან შედარებით შემცირება აუცილებელი გახდება, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით.

კანონპროექტებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები