“ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანება თავად ბლოკის რეფორმირების გარეშე შეუძლებელია” – ყოფილი ევროკომისარი
ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას რაც შეიძლება სწრაფად აპირებს, თუმცა, ევროკავშირის გაფართოება რეფორმების გარეშე შეუძლებელია.
ამის შესახებ DW-თან ინტერვიუში ყოფილმა ევროკომისარმა, შტეფან ფულემ თქვა.
მისი თქმით, ახალი წევრების მისაღებად ევროკავშირის რეფორმების პროცესია აუცილებელი.
„ეს ორი პროცესი ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ უკრაინა და სხვა ქვეყნები, რომლებიც ამ გაფართოების პაკეტში შევიდნენ, შეუერთდნენ ევროკავშირს ისე, რომ თავად ევროკავშირი არ მოემზადოს ახალი წევრების მისაღებად. მომზადების პროცესი ორივე მხარეს ეხება: კანდიდატ ქვეყნებს და ევროკავშირს. ევროკომისიის ანგარიში გვაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ, რომ ევროკავშირის რეფორმა აღარ არის აკადემიური განხილვის საგანი. ეს არის ამოცანა, რომელიც უნდა მიდიოდეს მოლაპარაკების პროცესის პროგრესის პარალელურად“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ამასთან, მას მიაჩნია, რომ ევროკავშირის რეფორმირება არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ სავალდებულოცაა, რადგან სხვაგვარად წინსვლა შეუძლებელია.
„როდესაც საქმე ეხება გაფართოების ტექნიკურ და სამართლებრივ ასპექტებს, მათზე საკმაოდ მკაფიოდ არის ნათქვამი ევროკომისიის ანგარიშში. ჩვენ გვჭირდება, ვიხილოთ პოლიტიკური ვალდებულებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან და ეს ვალდებულებები არ შეიძლება, შემოიფარგლოს მხოლოდ დეკემბრის შეთანხმებით. წევრი ქვეყნების ამოცანაა, აჩვენონ ევროკავშირის ინსტიტუტების ეტაპობრივი რეფორმირება, რათა უზრუნველყონ, რომ თავის მხრივ ევროკავშირიც პასუხობს ახალი წევრების მოლოდინებს”, – თქვა მან.