დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

დედაქალაქში საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ახალი რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონპროექტი.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა წარადგინა.

მომხსენებელმა განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გზებზე პიკის საათებში აიკრძალება დიდგაბარიტიანი საავტომობილო საშუალებების გადაადგილება. (იგულისხმება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები). აკრძალვის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას.

პროექტში დაზუსტებულია, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ, აგრეთვე დასაქმებულების, მოსწავლეების და სტუდენტების გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე; საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის; ლურჯი ან/და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლების მქონე ტრანსპორტზე.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილების განხორციელება მიზნად ისახავს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებას და ე.წ.საცობების აღმოფხვრას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები