შალვა პაპუაშვილი: “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 12 პრიორიტეტზე, ფაქტობრივად, მარტომ იმუშავა

“უმთავრესი მითია, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი იმ 12 პრიორიტეტის სათანადოდ შესრულების გარეშე, რომლებიც განსაზღვრა ევროკომისიამ 2022 წლის ივნისში. არაფერია აღნიშნულზე უფრო შორს სიმართლისგან. ,,ქართული ოცნების,, ხელისუფლებამ 12 პრიორიტეტზე, ფაქტობრივად, მარტომ იმუშავა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ყველაფერი მიღწეული იქნა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მათ შორის, სამინისტროებთან, სააგენტოებსა და დიპლომატიურ კორპუსთან, მჭიდრო კოორდინაციით.

“განსაკუთრებით დიდი სამუშაო გასწია პარლამენტმა. საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებმა, კომიტეტებმა და აპარატმა შეასრულეს უზარმაზარი მოცულობის სამუშაო. მიღებული იქნა თითქმის ასი კანონი ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც წარმოადგენს მთლიანი საპარლამენტო საქმიანობის მესამედს.

ეს ყველაფერი მიღწეული იქნა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მათ შორის, სამინისტროებთან, სააგენტოებსა და დიპლომატიურ კორპუსთან, მჭიდრო კოორდინაციით. სამუშაოს დიდი ნაწილი, ჩვეულებრივ, შესაძლოა არ ყოფილიყო გარე დამკვირვებლისათვის მაშინვე შესამჩნევი, თუმცა ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებში ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რა იქნა მიღწეული.

უმრავლეს შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ დასახული პრიორიტეტები თავდაპირველად გარკვეულწილად არაზუსტი და ბუნდოვანი იყო, საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ მოახდინა მათი ხელახალი კონცეპტუალიზაცია და, მეტ-ნაკლებად, ზუსტ და შემოწმებად ჩარჩოში მოაქცია, თან გაუზიარა ევროპელ პარტნიორებს, რათა პრიორიტეტები ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში შესრულებულიყო.

მართლაც, ევროკომისიის მიერ ამჯერად რეკომენდებული ახალი ცხრა „გადასადგმელი ნაბიჯი“ წინა რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილს იმეორებს და, თანაც, ახლებურად და უფრო თანმიმდევრულადაა ფორმულირებული, ვიდრე წინა 12 რეკომენდაცია. ახალი პრიორიტეტები გულისხმობს, რომ კომისია აღიარებს, რომ წინა რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულდა ან ახლებურად უნდა იქნეს ფორმულირებული შემდგომი, უფრო დეტალური მუშაობისთვის”,- წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები