ალუდა ღუდუშაური: სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ყურადღებაც კი არ უნდა მივაქციოთ
“სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ყურადღებაც კი არ უნდა მივაქციოთ, რადგან არ აქვს კონსტიტუციური ბერკეტი, ქვეყნის კურსთან ან ხალხთან მიმართებით რაიმე სახის გარდამტეხი ცვლილება შემოიტანოს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს, სადაც ის კოალიციურ მთავრობასა და ერთპარტიულ სისტემაზე საუბრობს.
ღუდუშაურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები”ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე წყლის დასხმაა.
„სალომე ზურაბიშვილი ახალ მწვერვალებს იპყრობს. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ოფიციალურად, დადასტურებულად ამხილა კონსტიტუციის დარღვევაში, ნულის ტოლფასი გახდა მოლოდინი, რომ ლოგიკურ, სწორ, კონსტიტუციურ გზას დაადგებოდა, მაგრამ ყოველდღე გაოცებას იწვევს მისი განცხადებები. სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ყურადღებაც კი არ უნდა მივაქციოთ და დიდი როლი, ფუნქცია არ მივანიჭოთ, რადგან არ აქვს რაიმე კონსტიტუციური ბერკეტი, ქვეყნის კურსთან ან ხალხთან მიმართებით რაიმე სახის გარდამტეხი ცვლილება შემოიტანოს და იყოს ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია, ქაოსი.
სალომე ზურაბიშვილის განცხადების ქვეტექსტებს თუ წავიკითხავთ, ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა და მის წისქვილზე წყლის დასხმაა. ესენი უკვე კოლაბორაციაში იმყოფებიან. მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატებით იქნა გადარჩენილი იმპიჩმენტისგან, ურთიერთვალდებულებაში არიან. ეს არის ცალსახა”, – განაცხადა ღუდუშაურმა.