ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, ეს იქნება კიდევ ერთხელ ლუსტრაცია, აღიქვამს თუ არა თავს ამ ქვეყნისთვის პასუხისმგებელ პირად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმის, ოთარ ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„არ ვიცი, პრეზიდენტი რას იზამს, ბოლო წლის განმავლობაში მისი დესტრუქციული და პოლიტიკური ვითარების არევისკენ მიმართული განცხადებების ფონზე, მაგრამ შეწყალება არის აქტი, რომელიც თავის შინაარსში ნიშნავს, რომ ვისაც იწყალებ, იმას უნდა ჰქონდეს სინანულის გრძნობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. აქ მარტო ის კი არ არის, რომ რაც სასამართლომ მიუსაჯა, იმაზე იხდის სასჯელს, არამედ ამ ადამიანმა, რაც საქართველოში შემოიპარა იმის მერე ორი წლის განმავლობაში ლამის, ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა. არ დატოვა არცერთი შესაძლებლობა, ყველანაირი სპეკულაცია გამოიყენა, რომ ქვეყანა მაქსიმალურად შავ ფერებში წარედგინა მთელი მსოფლიოსთვის და შენ ამ დროს იწყალებ ადამიანს, რომელიც ამას მიზანმიმართულად აკეთებს და აქ საერთოდ არსებობს რაიმე პასუხისმგებლობა შენი როგორც პრეზიდენტის, შენი ქვეყნის იმიჯისა და მისი დღევანდელობისა და მომავლის წინაშე?! თუ ყველას შეუძლია, ფული იხადოს, რომ ქვეყანა დააზიანოს? შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი, ეს იქნება კიდევ ერთხელ ლუსტრაცია იმის, აღიქვამს თუ არა ადამიანი თავს ამ ქვეყნისთვის პასუხისმგებელ პირად”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, კითხვაზე – უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია და სალომე ზურაბიშვილი გამოსავალს ეძებდა. „ვფიქრობ, რთულია, იყოს ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი ციხეში. ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა”, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“.