თეონა აქუბარდია: ვაპირებ მუშაობას ყველასთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანება
ვაპირებ მუშაობას ყველასთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანება, პოლიტიკური ნება უნდა იყოს “ქართული ოცნების” მხრიდან, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ევროკომისიისგან საქართველოსთვის დათქმული 9 პუნქტის შესრულების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეასრულოს ხალხის დაკვეთა და ვინც ამას არ გააკეთებს, 2024 წლის არჩევნებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მიიღებს.
“მიუხედავად იმისა, რომ, მე პირადად, როგორც ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ვაპირებ მუშაობას ყველასთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანება, პოლიტიკური ნება უნდა იყოს “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ ისინი დაასრულებენ ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას, ასევე, განახორციელებენ ფუნდამენტურ რეფორმებს. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეასრულოს ხალხის დაკვეთა და ის, ვინც ამას არ გააკეთებს, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მიიღებს 2024 წლის არჩევნებზე,”- აცხადებს თეონა აქუბარდია.
ინფორმაციისთვის, ევროკომისიისგან საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა დათქმიდან, ნაწილი აგრძელებს გასული წლის ივნისში გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია – მათ შორის არის დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე.
ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს, ასევე, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი.