ბოჟაძე: რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გაიზრდება დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში”
არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება რთული და პირიქით, სწორედ ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ რაც შეიძლება ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენ ამ არჩევნების არ გვეშინია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ვლადიმერ ბოჟაძემ “იმედი LIVE“-ში საუბრისას განაცხადა.
როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, მმართველი პარტია ამომრჩევლის წინაშე პირნათელია.
„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გაიზრდება დაპირისპირება თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“. ხედავთ უკვე როგორი ღია დაპირისპირება მელიას, ხაბეიშვილს, სააკაშვილსა და სხვა ლიდერებს შორის. რატომ? იმიტომ რომ უნდა დაიწეროს პარტიული სია. სააკაშვილმა საერთოდ განაცხადა, რომ ყველა ახალი სახე უნდა იყოს. ანუ, ვინც მას ბოლომდე უერთგულა, შეიძლება ისინიც აღარ აღმოჩნდნენ სიაში“, – განაცხადა ბოჟაძემ.