შალვა პაპუაშვილი: საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრ ქვეყანას, ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის
საქართველოს მიმართ მორალისტობა არავის გამოუვა, საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრ ქვეყანას, ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც, სანქციების დამწესებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, “ნატოს ატომური ქოლგა” არ იცავს.
“ისინი დაცულები არიან, ჩვენ არავინ გვიცავს. დედამიწაზე არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენთვის მოცემული აქვს უსაფრთხოების გარანტიები. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. ამ ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვიცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა. თუ მათ რუსეთიდან პრობლემები შეექმნებათ ენერგორესურსების, თუ ხორბლის მიწოდებაზე, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან და არის სუბსიდირება, რომელიც სხვა ქვეყნების მიმართ საერთო კალათიდან ნაწილდება. ევროკავშირს ასეთი ვალდებულება ჩვენ მიმართ არ აქვს, ჩვენ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომლის ორი ტერიტორია ოკუპირებული აქვს რუსეთს და საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრში იმყოფება რუსეთის რეგულარული არმია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა “კვირის მოამბესთან” ინტერვიუში.