ვოლსკი – პრეზიდენტზე: იმედი მაქვს, მზაკვრული ჩანაფიქრი არ არის, რომ, როგორმე, საქართველოს წინააღმდეგ განაწყოს ჩინეთი, რომელთანაც საკმაოდ პერსპექტიული თანამშრომლობა გვაქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“ასეთ განცხადებას როცა აკეთებ და ასეთ შეფასებას როდესაც აძლევ ჩინეთის ლიდერს, რასაკვირველია, ამას მარტო უპასუხისმგებლობა არ ჰქვია, ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია და, იმედი მაქვს, აქ მზაკვრული ჩანაფიქრი არ არის, რომ, როგორმე, საქართველოს წინააღმდეგ განაწყოს ჩინეთი, რომელთანაც საკმაოდ პერსპექტიული თანამშრომლობა გვაქვს. ის, რომ გამიჯნულია მთავრობა, რეალური მმართველი ამ ქვეყნისა პრეზიდენტისაგან, არის ძალიან ნიშანდობლივი. ასეთი განცხადების გაკეთება ძალიან ახლოსაა მავნებლობასთან”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „LCI-სთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრისას კითხვაზე, “იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდისმე გასამართლდებიან”,  უპასუხა: “ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები