“ოპოზიცია განიცდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს საქართველოს მოსახლეობისთვის მიცემული დანაპირები წინსწრებით და გადაჭარბებით შეასრულა” – შალვა პაპუაშვილი
“როგორც ჩანს, ოპოზიცია განიცდის იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი დანაპირები, რომელიც 2020 წელს მისცა საქართველოს მოსახლეობას წინსწრებით და გადაჭარბებით შეასრულა, ეს გამარჯვება ვიზეიმოთ და შემდეგ უნდა მივუბრუნდეთ დანარჩენ საკითხებს, რომელიც ეხება უკვე შემდეგ ეტაპს, მოლაპარაკების გახსნისა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ევროკომისიამ თქვა, რომ რაც შეეხება 12 რეკომენდაციას, მისი შესრულება არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამით 12 რეკომენდაციის საკითხი დაიხურა. ამასთან ერთად, ჩვენ მოგვეცა ცხრა რეკომენდაცია, რომელშიც ზოგი მოდიფიცირებული არის წინა თემებიდან, ანუ ცხრა რეკომენდაცია და გადავედით ახალ ეტაპზე, რომელიც ეხება უკვე შემდეგ სამიზნეს, მოლაპარაკების გახსნას. ამ ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მუშაობა. აქ უკვე ბევრი საკითხია, რომელიც, განსხვავებით წინა რეკომენდაციებისგან, რომელიც უკვე პრაქტიკაზე უფრო ორიენტირებული არის, ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებაზე, თუმცა, საკანონმდებლო ნაწილიც არის, ამიტომ, თავისთავად ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. მართალია, ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და მნიშვნელოვანია, რომ 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ გაიზიაროს ეს რეკომენდაცია, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ. მთავარია, კომისიამ თქვა, რომ 12 რეკომენდაციის საკითხი დაიხურა, შესრულდა საკმარისად იმისთვის, რომ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მან შეასრულა თავისი როლი და საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა თავისი როლი, რათა მივსულიყავით ამ ეტაპამდე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიცია განიცდის იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი დანაპირები, რომელიც 2020 წელს მისცა საქართველოს მოსახლეობას წინსწრებით და გადაჭარბებით შეასრულა.
„ახლა მთავარია, რომ, მათ შორის, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, აღვნიშნოთ და ეს წელიწადნახევრიანი ემოციური დამოკიდებულება საკითხის მიმართ პოზიტიურ ემოციებში გამოვხატოთ და არა იმ ჩამომტირალი სახეებით, რომელიც აქვს ოპოზიციას. როგორც ჩანს, ოპოზიცია განიცდის იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი დანაპირები, რომელიც 2020 წელს მისცა საქართველოს მოსახლეობას წინმსწრებით და გადაჭარბებით შეასრულა. ახლა მთავარია, ეს გამარჯვება ვიზეიმოთ და შემდეგ უნდა მივუბრუნდეთ დანარჩენ საკითხებს, რომელიც ეხება უკვე შემდეგ ეტაპს მოლაპარაკების გახსნისა, თუმცა, კანდიდატის სტატუსით ჩვენ უკვე ვართ შეუქცევადად გზაზე, რომელსაც ჰქვია ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს გზა არის გრძელი, ეს არის ცხრა რეკომენდაცია, ეს არის ცხრაასი საკითხი, რომელშიც პარლამენტს უწევს ძალიან ბევრი შრომა, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების დაახლოების მხრივ, რომელიც იქნება წლების სამუშაო. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.