სალომე ზურაბიშვილი: პრემიერის განცხადებამ გამახარა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაახარა, სადაც მან თქვა, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილება ისტორიული გამარჯვება იყო.
როგორც პრეზიდენტმა France 24-თან ინტერვიუში აღნიშნა, პრემიერის განცხადება ნიშნავს, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რაც გარკვეულწილად საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთ ევროპულ სიხშირეზე ყოფნას აიძულებს.
„გამახარა. ის დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამან [განცხადებამ] გამახარა, რადგან ნიშნავს, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ. ვნახოთ. ვფიქრობ, სტატუსი, რომელსაც, იმედია, წლის ბოლოს მივიღებთ, მონიჭებული იქნება საქართველოსთვის არა როგორც „საბოლოო ანგარიშსწორება“, არამედ როგორც strings attached – უფრო მეტი და უფრო ძლიერი კავშირი ევროპასთან, ევროპის მეტი ჩართულობა. ევროპა უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ეტაპობრივად, შემდეგ ეტაპამდე. დემოკრატიული არჩევნები თუ გვექნება, საშუალებას მისცემს, წარმოიშვას ახალი კოალიცია. ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთი წელი გვაქვს დაგვიანება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ეს წელი უნდა ავინაზღაუროთ და ამისათვის ევროპა ჩვენ გვერდით უნდა იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების პროექტის დასასრულამდე მიყვანის პროცესი.
„ვფიქრობ, პროცესია მნიშვნელოვანი, ის, თუ რას ვგრძნობთ. მოსახლეობამ გუშინ კარგად იგრძნო, რომ ჩვენ ამ გზაზე მარტონი არ ვართ. ეს რთული პროცესია. გაწევრიანებაზე და წევრი ქვეყნის იურიდიულ სტატუსზე უფრო მნიშვნელოვანია ევროპულ ოჯახში ყოფნა და ის, რომ გარეთ არ ვიყოთ დატოვებული. ეს არის ფუნდამენტური“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.