დავით შერაზადიშვილმა და გოგი მეშველიანმა წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპები გადასცეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეებისათვის ლეპტოპების გადაცემის ცერემონია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
“საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა პირადად გადასცეს და მიღწეული წარმატება მიულოცეს.
ღონისძიება საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ია სვანიძის ორგანიზებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ლეპტოპების გადაცემას საჯარო სკოლის დირექტორები და წარჩინებული მოსწავლეების მშობლები ესწრებოდნენ.
პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, ლეპტოპები საბაზო საფეხურის 40-მა კურსდამთავრებულმა მიიღო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.