“ჰამასის” განადგურება ვერ მოხერხდება” – პალესტინის პრემიერმინისტრი
პალესტინის პრემიერმინისტრმა, მოჰამედ შტაიეხმა თქვა, რომ ისრაელის მიზანი, რომელიც “ჰამასის” სრულ განადგურებას ითვალისწინებს – მიუღწეველია, რადგან ეს დაჯგუფება არა მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, არამედ იდეაა.
ამის შესახებ მან ღაზასთვის დახმარების გაწევის პარიზის კონფერენციაზე თქვა.
შტაიეხმა ისრაელი დაადანაშაულა იმაში, რომ ის ომს „ყველა პალესტინელის წინააღმდეგ“ აწარმოებს, რითაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონებს არღვევს და ომის დანაშაულებს ჩადის.
„ისრაელელებს არ სურთ ცეცხლის შეწყვეტა, რადგან დღეს ისინი შურისძიებაზე არიან განწყობილნი“, – თქვა შტაიეხმა.
მისი თქმით, ისრაელზე სერიოზული ზეწოლის განსახორციელებლად საერთაშორისო ინტერვენციაა საჭირო.
მან ასევე განაცხადა, რომ ყველა პალესტინელისთვის საყოველთაო არჩევნების ჩატარებას ისურვებდა.