საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დღეიდან იწყება ხელმოწერების კამპანია – „ჩვენი ხმა ევროპას“.
პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილებს აღნიშნული კამპანიის ტექსტი გააცნო და ხელი მოაწერა.
ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხელმოწერა ყველასთვის ღია იქნება.
„მინდა, წაგიკითხოთ ჩვენი მიმართვა და შემდეგ მე მოვაწერ ხელს პირველი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ხელმოწერებისთვის გახსნილი იქნება.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ, ევროპის ლიდერებს, დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.
მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად, საქართველოს და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ. ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ, მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთან არის, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.
საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს, სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით, ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“, – ნათქვამია კამპანიის ტექსტში.