სალომე ზურაბიშვილი: უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებს ვესაუბრე, მივულოცე – მთხოვეს, რომ ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული გადამეცა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ევროკომისიის გადაწყვეტილება მიულოცა.

როგორც მან ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა მას ქართველ ხალხთან მოლოცვა დააბარეს.

„მე დღეს, ახლა, ამ წუთში უკრაინის პრეზიდენტს და ცოტა ადრე მოლდოვის პრეზიდენტს ვესაუბრე. მათ მივულოცე მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მათ მიენიჭათ გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის რეკომენდაცია და ეს არის მათთვის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ. ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. მივულოცე ჩვენგან ყველასგან და ასევე მათ მთხოვეს, რომ გადამეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული, ჩვენ ხალხებს შორის დიდი სიყვარულის ნიშანი.

მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ერთად ვივლით ამ გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ დიდია. ერთად ვივლით და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდებით სამივე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები, იქ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, მშვიდობისთვის, წინსვლისთვის, რამეთუ ეს არის ის მომავალი, რასაც ჰპირდება ევროპა ყველა თავის სრულუფლებიან წევრს. იქ ვიქნებით ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები