ესპანეთში არეულობაა – მადრიდში პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა (ფოტო, ვიდეო)

ესპანეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც დაკავშირებულია კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა შესაძლო ამნისტიასთან.

Euronews-ის ცნობით, გვიან ღამით პოლიციამ მადრიდში “სოციალისტური პარტიის” შტაბ-ბინის დაცვის უზრუნველყოფა შეძლო.

საპროტესტო აქციაში 4 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, არიან დაკავებულებიც.

მსგავსი აქციები “სოციალისტური პარტიის” ოფისებთან სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

ესპანეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პედრო სანჩესმა დემონსტრაციები დაგმო და თქვა, რომ “სოციალისტური პარტია” მაინც შეეცდება,  იყოს მიღებული კანონი ამნისტიის შესახებ.

მისი ოპონენტები, მათ შორის, ულტრამემარჯვენე მოძრაობა Vox (ხმა) მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღებით სანჩესი ცდილობს კატალონიელი პოლიტიკოსების მხარდაჭერის მოპოვებას, რათა ამ გზით პრემიერად მისი ხელახლა არჩევა მოხდეს.

სანჩესის “სოციალისტურმა პარტიამ” ივლისში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილი აიღო. გამარჯვება “სახალხო პარტიამ” მოიპოვა, თუმცა, მას მთავრობის დაკომპლექტებისთვის ხმები არ ეყო.

“სახალხო პარტიამ” მომხრეებს აქციების მოწყობისკენ მოუწოდა, მოსალოდნელია, რომ უქმეებზე მთელი ესპანეთის მასშტაბით მსვლელობები ჩატარდეს.

რაც შეეხება კანონს, ის თეორიულად შესაძლოა, 4 ათასს ადამიანს შეეხოს, რომელსაც კავშირი აქვს 2017 წლის მოვლენებთან, როდესაც ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები