“აფხაზეთი პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივას განიხილავს” – არძინბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ “სოხუმს პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იმედი აქვს”.
ამის შესახებ მან ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
არძინბას თქმით, მიმდინარეობს დიალოგი რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის ფედერაციაში პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან.
„მინისტრმა აღნიშნა, რომ დიალოგი, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს“, – ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ირანთან, ავღანეთთან, იემენსა და ლიბანთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.
არძინბას თქმით, შეიქმნება, “ორმხრივი აფხაზეთი-არაბთა გაერთიანებული საამიროები ბიზნესსაბჭო”.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მინსკში აფხაზეთის დელეგაციის ვიზიტი. არძინბას თქმით, ვიზიტი „ქართველი დიპლომატების მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად შედგა“.
მანვე აღნიშნა, რომ “ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაღმავალ ტრაექტორიაზეა“.