შალვა პაპუაშვილი – პარლამენტარებისთვის ხელფასის ზრდაზე: როდესაც ხალხის რჩეულებზე გვაქვს საუბარი, ანაზღაურება უნდა იყოს კანონმდებლობის შესაბამისი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის მოსალოდნელ ზრდას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, როდესაც ხალხის რჩეულებზეა საუბარი, რომლებიც იღებენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისი უნდა იყოს.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არ არის ხელფასის ზრდა, ეს არის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც 2017 წელს დადგინდა და მაშინ პარლამენტმა არ მოახდინა პარლამენტის წევრების ანაზღაურების კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა. სხვა საჯარო სამსახურებში და, მათ შორის, პარლამენტის აპარატში, ეს მოხდა. ამიტომაც არის, რომ დღეს პარლამენტის აპარატის თუ არ ვცდები, 50 თანამშრომელს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრს. ეს დისპროპორცია არსებობდა, მათ შორის, ასეთი რეაქციებისგან თავის არიდების გამოც. მე ვარ პირადად ინიციატორი ამის.

მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ხალხის რჩეულებზე გვაქვს საუბარი, რომლებიც იღებენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, აქ ანაზღაურება იყოს კანონმდებლობის შესაბამისი. იყო საუბარი, რომ თითქოს მიმდინარე პარლამენტს ეხება. მომავალ პარლამენტს შეეხება ეს. ხალხიც ასე აირჩევს მომავალი პარლამენტის წევრებს, იმ ცოდნით, თუ რა პოზიცია, რა ხელფასი ექნებათ და ა.შ.“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან – მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა ხარჯვით ნაწილს ყოველწლიურად 5 700 000 ლარით გაზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები