ბექა დავითულიანი: სააკაშვილი თანაგუნდელებს აღარ ენდობა
“სააკაშვილი თანაგუნდელებს აღარ ენდობა. რაღაც მომენტში გონება გაუბრწყინდა და მიხვდა, რომ არავითარი რესურსი ამ ხალხს არ აქვს, მეორე დღეს ისევ დაუბნელდა და თქვა, რომ ისევ მელიას ენდობა და დიდ ძალად მიიჩნევს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობის” ყოველი ნაბიჯი თვითდესტრუქციაა.
„ბუნების კანონია, რომ ყოველგვარი აგრესია, საბოლოო ჯამში, თვითდესტრუქციას იწყებს. 12 წელია „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის რანგში ისეა გამწარებული ყველაფერზე, ყოველი მისი ნაბიჯი არის თვითდესტრუქცია, ეს გამოიხატება იმაშიც, რომ მარტივ მამრავლებად დაიშალნენ და ვერ ჩამოყალიბებულან რა უნდათ, იმაშიც, რომ მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი ერთ დღეს გამოდის და ამბობს, რომ ყველა უნდა გასწიოს და გზა დაუთმონ უცნობ სახეებს, მეორე დღეს გამოდის და თავისივე ნათქვამს უარყოფს და ამბობს, რომ ნიკა მელიასი სწამს. ეს ადამიანი არც ერთ თავის თანაგუნდელს აღარ ენდობა და მეორე მხრივ, ხვდება, რომ არც ერთ მათგანს აღარ გაახსენდება, თუ ესენიც გაანაწყენა და ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს, ასე გააგრძელოს, კარგია. სააკაშვილის განცხადებები ნიშნავს ორ რამეს: ერთი, რომ ამ ადამიანებს არ ენდობა, მეორე – სადღაც რაღაც მომენტში გონება გაუბრწყინდა და მიხვდა, რომ არავითარი რესურსი ამ ხალხს არ აქვს, მაგრამ მეორე დღეს ისევ დაუბნელდა და თქვა, რომ ისევ მელიას ენდობა და დიდ ძალად მიიჩნევს”, – განაცხადა დავითულიანმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ „თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა. სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია“.