ნიკოლოზ სამხარაძე: არ მეგულება 27 ქვეყნიდან რომელიმე სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება, ევროკომისიის პოზიტიური დასკვნის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მისცეს ხმა
რეალურად, არ მეგულება ამ 27 ქვეყნიდან რომელიმე სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ევროკომისიის პოზიტიური დასკვნის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მისცეს ხმა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ პოლონელებთან ამ თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავარკვიეთ. მათ რა თხოვნებიც ჰქონდათ, იგივე ექიმების დაშვება, ზუსტი ინფორმაციის მიღება სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, ყველაფერი შევუსრულეთ. ამიტომ, პოლონეთი, როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ყოველთვის იყო ჩვენი მხარდამჭერი ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. შესაბამისად, ისინი არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ ხმას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.
ყველა შეხვედრაზე, ყველა დედაქალაქში, სადაც ჩვენ ვიყავით, იქნება ეს საპარლამენტო თუ სამთავრობო დელეგაცია, ყველა ქვეყნისგან მივიღეთ მხარდაჭერა, რომ თუ ევროკომისია პირობებს შესრულებულად ჩათვლის, მაშინ დაგვიჭერენ მხარს, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე“, – განაცხადა სამხარაძემ.