საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მხარდაჭერით, თელავში ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი „ჭაჭა“ – 2023 გაიმართა.
“საქპატენტის” ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს კახეთის რეგიონის ყველა – რვა მუნიციპალიტეტის ფერმერებმა, გლეხებმა, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელმა კომპანიებმა.
“ფესტივალის მიზანია, მათ მიერ წარმოებული საუკეთესო ჭაჭის ნიმუშების გამოვლენის გზით, მათი წახალისება-ხელშეწყობა. ასევე, ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არყის, როგორც დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის და მისი სასარგებლო თვისებების პოპულარიზაცია.
საქპატენტი ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საექსპოზიციო სტენდით. ფესტივალის მონაწილეები და სტუმრები გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციისა და დაცვის მექანიზმებს ადგილზე გაეცნენ. ასევე დაინტერესებულ პირებს მიეწოდათ საინფორმაციო მასალები.
საქპატენტის წარმომადგენლებმა ფესტივალზე ინტელექტუალური საკუთრების აღნიშნული ობიექტის შესახებ პროგრამით გათვალისწინებული პრეზენტაციაც წარადგინეს.
ფესტივალის ფარგლებში კონკურსის წესით გამოავლინეს ჭაჭის საუკეთესო დამამზადებლები, როგორც ინდივიდუალური ფერმერები და გლეხები, ასევე ამ პროდუქტის მწარმოებელი კომპანიები. ნომინაციაში „საუკეთესო გლეხური ჭაჭა-2023“ გამარჯვება მოიპოვა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა ცულიკაშვილი ილია ყვარელიდან, ვერცხლის მედალი გადაეცა საგარეჯოელ ჩალათაშვილ კახაბერს, ბრინჯაოს მედალი კი დათო ჩიხლაძემ დაიმსახურა. ნომინაციაში „კომპანიების საუკეთესო ჭაჭა-2023“ გამარჯვება მოიპოვა და ოქროს მედალი გადაეცა კომპანიას “ანასეულის კომბინატი”, ვერცხლის მედალი – კომპანიას „ასკანელი“, ხოლო ბრინჯაოს მედალი ერგო „კორპორაციას – ქინძმარაული“.
ყოველწლიური ფესტივალი ხელს უწყობს საქართველოში ჭაჭის და ზოგადად, გეოგრაფიული აღნიშვნების პოპულარიზაციას, მათი საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს კულტურის პალატა, ტურიზმის განვითარების ასოციაცია და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გახლდათ. მხარდამჭერი კი საქპატენტთან ერთად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.
წელს, პირველად, ფესტივალი ჩატარდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.