“ჰამასი” სრული კომპრომისისთვის არის მზად” – დაჯგუფების წარმომადგენელი
,,ჰამასი,, ისრაელთან ტყვეთა გაცვლის საკითხზე “სრული კომპრომისისთვის” არის მზად.
ამის შესახებ NBC News-თან ინტერვიუში მოძრაობის წარმომადგენელმა, ღაზი ჰამადმა განაცხადა.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს ხალხი სახლში დაბრუნდეს. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პატიმრები ახლავე დაბრუნდნენ სახლში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ მზად ვართ სრული კომპრომისისთვის, შეთანხმების დასადებად, რომ ყველა მძევალი იყოს გათავისუფლებული, როგორც სამხედრო, ასევე მშვიდობიანი მოქალაქე, გარდა ამისა, რომ ისრაელის საპატიმროებიდან ყველა პატიმარი გათავისუფლდეს“, – განაცხადა მან.
კონფლიქტის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე საუბრისას, ჰამადმა თქვა, რომ დაჯგუფება „ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს“, რადგან „მას აქვს ამის კანონიერი უფლება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.
ჰამადმა მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთ პირობად ისრაელის მიერ “აგრესიის დასრულება” დაასახელა.
7 ოქტომბრის თავდასხმაზე საუბრისას, ,,ჰამასის,, სპიკერმა თქვა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლა არ იგეგმებოდა.
„ჩვენი რელიგიის, ისლამის დებულებების მიხედვით, აკრძალულია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება ან მოკვლა. რაც მოხდა პირველ დღეს: როდესაც ხალხი შევიდა ტერიტორიაზე, თავისუფალ სივრცეში, დაინახა ხალხი, გაჩნდა გარკვეული სირთულეები“, – განაცხადა ჰამადმა.