“სასაცილოა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხული ქვეყნის წარმომადგენლისგან მორალის მოსმენა” – გაეროში ისრაელის ელჩმა რუს კოლეგას უპასუხა
ისრაელსა და რუსეთს შორის გაეროში დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც რუსმა დიპლომატმა, ვასილი ნებენზიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ისრაელის თავდაცვის უფლება, როგორც „ოკუპანტმა ძალამ“.
გაეროში რუსეთის წარმომადგენლის ამ განცხადებამ ისრაელში დიდი შეშფოთება გამოიწვია.
გამოცემა Ynet-ი წერს, რომ რუსეთი ჰამასის მხარეს დადგა, რაც სიტუაციას მხოლოდ ამძიმებს.
ნებენზიას განცხადებას გაეროში ისრაელის წარმომადგენელმა, გილად ერდანმა უპასუხა.
„სასაცილოა რუსეთის წარმომადგენლისგან ზნეობის მოსმენა ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის შესახებ. იმ ქვეყნის წარმომადგენლისგან, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხეს და ამ ქვეყნის წარმომადგენელი მორალზე მსჯელობს. რუსეთი ბოლო ქვეყანაა, ვისაც შეუძლია, რამე გვასწავლის“, – თქვა ერდანმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში და ხაზი გაუსვა მოსკოვის რიტორიკაში ორმაგ სტანდარტებს.
„ყველას ესმის, როგორ მოიქცეოდა რუსეთი, თუ მისი ათასობით მოქალაქე მოკლული და გატაცებული იქნებოდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ. სამწუხაროდ, რუსეთი ,,ჰამასის,, ნაცისტურ თავდასხმას ყველაზე ბინძური საშუალებით იყენებს. მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინაში შეჭრისგან მსოფლიოს ყურადღება გადაიტანოს”, – ხაზგასმით თქვა ისრაელის დიპლომატმა.