საქართველოდან უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების 12 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით რამდენიმე საათში უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების 12 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება. უწყების ინფორმაციით, ტვირთში დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, ვაქცინა ბავშვებისთვის, პირველადი დახმარების საგნები და დიალიზისთვის სახარჯი მასალა შედის. მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, სამედიცინო დანიშნულების ტვირთი, კიევში თვითმფრინავით, სპეცრეისით გაიგზავნება.
„მოცულობა დიდია და სამგზავრო ლაინერით ვერ ხერხდება მისი გატანა, ამიტომ სატრასპორტო თვითმფრინავით უნდა გავგზავნოთ“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.
დავით სერგეენკო უკრაინაში გასული თვის ბოლოს იმყოფებოდა. ის უკრაინელ კოლეგას შეხვდა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოსგან დახმარება შესთავაზა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველო უკრაინას მედიკამენტებით და სხვა საჭირო ინვენტარით დაეხმარება. საჭიროების შემთხვევაში კი კონფლიქტის ზონაში დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა შესაძლოა, მკურნალობა საქართველოში განაგრძოს.