მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს 263 ათასზე მეტი ადამიანი და 500 საწარმო
სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, აგრძელებს მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერას. დღეისათვის, მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს 263 ათასზე მეტი ადამიანი და 500 საწარმო, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას.
მინისტრის განცხადებით, კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებზე 2022 წელს მიიმართა დაახლოებით 107.2 მილიონი ლარი. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, 2022 წელს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, გამოყოფილი იქნა 16.1 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც, 32 მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 49 პროექტი, მათ შორის: საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გზის რეაბილიტაცია, წყალმომარაგების პროექტი, ნაპირსამაგრი ღონისძიებების პროექტი და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტი.
რეგიონული პოლიტიკის დაგეგმა-განხორციელების ფარგლებში, გრძელდება ევროკავშირის კარგი პრაქტიკის განვითარება, რისთვისაც მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის პოლიტიკის განვითარების ერთ-ერთი პლატფორმის – „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ ეტაპობრივი დაგეგმვისა და შემდგომი განხორციელებისათვის იმერეთში, როგორც საპილოტე რეგიონში; ევროპული ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა სტატისტიკისთვის (NUTS) კლასიფიკაციის სისტემასთან ეტაპობრივ დაახლოებაზე. მოცემულ ეტაპზე, ამ მიმართულებით გადადგმულია აქტიური ქმედითი ნაბიჯები.
,,ევროკავშირის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს 2020-2022 წლების ინტეგრირებული რეგიონული განვითარების საპილოტე პროგრამის (PIRDP) განხორციელება. პროგრამის ფარგლებში, ოთხ საპილოტე რეგიონში (იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი) დაფინანსდა ურბანული, ადგილობრივი ინტეგრირებული და ტურიზმის განვითარების მიმართულების, 160 მილიონი ლარის ღირებულების, 147 ინფრასტრუქტურული პროექტი. საპილოტე რეგიონებში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისათვის, სამმა სახელმწიფო პროგრამამ და სააგენტომ, ჯამში, 38,5 მილიონ ლარზე მეტის დაფინანსება გასცა მიკრო, მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოებზე. პროგრამის ფარგლებში, გაიცა დაფინანსება 424 ბენეფიციარზე. აღნიშნული პროგრამების გაღრმავებისა და გაფართოებისათვის, მუშაობა გრძელდება 2023 წელსაც“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.