სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აშშ-ის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, ისაუბრეს თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა და რობინ დანიგანმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობისთვის.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები