ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
ქართველ-ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დღეს კონფერენცია სახელწოდებით: “ქართველის როლი ამერიკის სამხედრო ავიაციაში“ ჩატარდა. კონფერენციის დეტალებზე “კვირას“ ალექსანდრე ქართველიშვილის საზოგადოების ხელმძღვანელი ლელა ქართველიშვილი ესაუბრა. მისი ინფორმაციით, კონფერენციაზე ალექსანდრე ქართველიშვილის მოღვაწეობის მკვლევარებმა მოხსენებები წაიკითხეს. კონფერენციას სხვა სტუმრებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ს კულტურის ატაშე, ასევე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაესწრნენ. დედაქალაქის მერს ალექსანდრე ქართველიშვილის საზოგადოების საპატიო წევრის ტიტული მიენიჭა. საპატიო ტიტული ასევე მიენიჭათ: ჩვენი საზოგადოების აქტიურ თანამდგომს ქეთევან ხოსიტაშვილს, ეროვნული ბიბიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს და რამდენიმე ორგანიზაციას.
“ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია ის, რომ აშშ-ს ელჩი, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი ამ ღონისძიებებში და მხარს გვიჭერენ, როგორც შეუძლიათ. დღეს გამოითქვა ინიციატივა, რომ მერიასთან ერთობლივი თანამშრომლობით გაკეთდეს ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის საერთაშორისო ცენტრი, სადაც განთავსდება მუზეუმი და ჩავატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას. ჩვენ საპატიო წევრის სტატუსი მივანიჭეთ იმ ადამიანებს, რომლებიც პროექტის დაწყების დღიდანვე აქტიურად გვეხმარებიან. დიდი მადლოვა ბატონ ირაკლი სესიაშვილს, რომლის ძალისხმევითაც მის კომიტეტში ალექსანდრე ქართველიშვილის გარდაცვალებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ასევე იგეგმება ალექსანდრე ქართველიშვილის შესახებ დაწერილი ნაშრომების გამოცემა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამერიკულ ცენტრს “ლანგეითს“ და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს გვერდით დგას“, – განუცხადა “კვირას“ ლელა ქართველიშვილმა.