ირაკლი ბერაია: ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო ნაბიჯებზე ყოველთვის არის შესაბამისი რეაგირება როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე – საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ნებისმიერი სახის გამოწვევაზე, უკანონო ნაბიჯებზე, რომლებსაც საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ რეგიონებში ახორციელებს, ყოველთვის არის შესაბამისი რეაგირება, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, რათა შესრულდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები.

„ზოგადად, რუსული ოკუპაცია ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ოჩამჩირის პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოების შესახებ განცხადებებამდეც უსაფრთხოების გარემო საკმაოდ მძიმე და მყიფე იყო. ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მეშვიდე სამხედრო ბაზა შეიარაღებით, აღჭურვილობით, არის როგორც სარაკეტო სისტემები, ასევე სანაპირო დაცვის სისტემები, რომელსაც საკმაოდ შორ მანძილზე წვდომა აქვს. ოჩამჩირეში ინფრასტრუქტურის გაფართოება-არგაფართოების საკითხმა ვითარება არსებითად დიდად შესაძლოა, არ შეცვალოს. მოცემული მომენტისთვის იქ განთავსებულია მხოლოდ „ფეესბეს“ სანაპირო დაცვის კატარღები, ე.წ. ფეესბეს ბაზა. სამხედრო დანიშნულების დიდი წყალწყვის ხომალდების მისაღებად ინფრასტრუქტურა მზად არ არის. ამ ეტაპზე გაფართოებას ადგილი არ აქვს. ნებისმიერი სახის გამოწვევა, საფრთხე, უკანონო ნაბიჯები, რომლებსაც საოკუპაციო ძალა ახორციელებს ოკუპირებულ რეგიონებში, ხელისუფლების ყურადღების მიღმა არ რჩება. ამაზე ყოველთვის არის შესაბამისი რეაგირება, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით იმისთვის, რომ გაგრძელდეს ზეწოლა აგრესიულ სახელმწიფოზე, შესრულდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები