არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 13 000 ტონამდე ვაშლი უკვე გადამუშავდა
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 12 კომპანიის მიერ, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამში, გადამუშავებულია 12,646 ტონა ვაშლი.
„ფერმერებმა 3,5 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია 1,2 მლნ ლარს აღემატება.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 24 თეთრად, 15 დეკემბრამდე შეძლებენ. პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.