გურამ გურამიშვილი საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – გურამ გურამიშვილი საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის (OTIF) გენერალურ მდივან ვოლფგანგ კუპერს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი – ერეკლე კეჟერაშვილი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს სარკინიგზო სექტორში მიმდინარე რეფორმა, რომლის ფარგლებშიც უკვე ჩამოყალიბდა უსაფრთხოების ტექნიკური მარეგულირებელი ორგანო – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. აღინიშნა, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის, როგორც ყველაზე უსაფრთხო, მწვანე და მდგრადი სატრანსპორტო საშუალების ეფექტურობის გაზრდას და განვითარებას.
შეხვედრაზე OTIF-ის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში მიმდინარე რეფორმის მნიშვნელობას საქართველოს სატრანსპორტო დარგის განვითარებისთვის. მან ასევე გამოხატა მზაობა საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ მოქმედი საერთაშორისო კონვენციისა და OTIF-ის მოთხოვნების იმპლემენტაციის კუთხით დახმარებაზე. ვოლფგანგ კუპერმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს OTIF-ის საქმიანობის მხარდაჭერისთვის და მასში აქტიური ჩართულობისთვის, მათ შორის ამ ორგანიზაციის ადმინისტრაციული კომიტეტის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ აქტიურ წევრსაც წარმოადგენს საქართველო.