Lineate-ს რეგიონალური დირექტორი გიორგი ციკოლია: საქართველო გლობალური კომპანიებისთვის მიმზიდველი ხდება
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელური სესიის – „პოლიტიკით განპირობებული გადაწყვეტილებები” ფარგლებში, აშშ-ში მოქმედი ტექ-კომპანია Lineate-ის რეგიონულმა დირექტორმა, გიორგი ციკოლიამ საქართველოს ბაზრის მიმზიდველობასა და ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
გიორგი ციკოლიას შეფასებით, საქართველო გლობალური კომპანიებისთვის მიმზიდველი ხდება, აიტი ინდუსტრია ლოგისტიკისა და ტურიზმის გვერდით საპატიო ადგილს იკავებს.
„რომ შევხედოთ გლობალურ კომპანიებს, ისინი ბაზარზე შემოვიდნენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ, ბაზარი უფრო მომწიფებულია და გლობალურ კომპანიებსაც აქვთ ამ ბაზარზე შემოსვლის სურვილი. როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ევროპაში გაგვეფართოებინა ჩვენი ორგანიზაცია და სხვადასხვა ოფისები განვათავსეთ, შესაბამისი ანალიტიკური პროცესებიც განვახორციელეთ და აღმოვაჩინეთ საქართველო, რომელიც წამყვანი ეკონომიკაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, სხვადასხვა საკითხის მიხედვით შევაფასეთ ქვეყნები და განსაკუთრებით ჩვენს ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებსაც ვუყურებდით”, – აღნიშნა ციკოლიამ.
მისი თქმით, კომპანიამ სწორედ ამის გამო გადაწყვიტა რეგიონული ოფისის შექმნა საქართველოში და ბოლო 18 თვეა, ინვესტიციებს ახორციელებს ადგილობრივ ეკონომიკაში.
„გვსურს, რა გამოცდილება და ცოდნაც გვაქვს, მთლიანად გადანაწილდეს ამ ღირებულებათა ჯაჭვზე, ადგილობრივი ტალანტებიც განვავითაროთ, ვმუშაობთ უნივერსიტეტებთან და შედეგად, ბევრი ტექ-კომპანიაც უფრო მეტად განვითარდება ამ სექტორში. საქართველოში აიტი ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სერვისების ექსპორტი უკვე მილიარდ დოლარს ითვლის. ეს ინდუსტრია იკავებს ლოგისტიკისა და ტურიზმის გვერდით საპატიო ადგილს. ძალიან მიხარია, რომ ამ მდგომარეობას ვხედავთ”, – განაცხადა Lineate-ის რეგიონულმა დირექტორმა.