რუსთავში, კამპანია ,,ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

„ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის რუსთავის საბჭოს ორგანიზებით, „ვარდისფერი ოქტომბრის” კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ რუსთავის მერიაში აცხადებენ.
მათივე ცნობით, კამპანიის მიზანია, საზოგადოებაში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერება ამაღლდეს და, შედეგად, ქალბატონებმა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკრინინგით ისარგებლონ.

საინფორმაციო შეხვედრას რუსთავის მერი, „ქართული ოცნების” ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე – ნინო ლაცაბიძე, ,,ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები, პარლამენტარები: ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერაძე ესწრებოდნენ.

,,ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაცია უკვე მეორე წელია, აქტიურად უერთდება კამპანია ,,ვარდისფერ ოქტომბერს”, რომელიც გულისხმობს სკრინინგის პოპულარიზაციას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანია და პრევენციული ღონისძიებები – მთავარი. ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გასულ წელს, ჩვენს ქალაქში ჩატარდა სკრინინგი და მე მიხარია, რომ ქალები მსგავსი აქტივობებით ვერთიანდებით”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

კიბოს შესახებ გავრცელებულ მითებზე ისაუბრა შეხვედრაზე მიწვეულმა რუსთაველმა ექიმმა, ონკოლოგმა კახაბერ ალხანიშვილმა.
რუსთავში გამართულ შეხვედრას, „ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის წევრები, კლინიკა „რუსთავის” და კოლეჯ „მოდუსის” წარმომადგენლები, საჯარო სკოლების უფროსკლასელები, პედაგოგები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

,,ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, ,,ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით მთელ რიგ სერიოზულ ღონისძიებებს აწარმოებს ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში. დღეს ვართ რუსთავში, მიზნობრივი ჯგუფი ახალგაზრდებით, დიასახლისებით, პედაგოგებითაა განსაზღვრული, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს, თი როგორ შეუძლია დროულ დიაგნოსტიკას სიცოცხლის გადარჩენა”, – განაცხადა პარლამენტარმა, ირმა ზავრადაშვილმა.

„ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში, რუსთავში, სოლიდარობის ნიშნად, წელს ვარდისფრად განათდა თეატრის, ბოლნისში- კულტურის ცენტრის და თეთრიწყაროში, კი მუნიციპალიტეტის შენობები. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და სკრინინგი მარნეულში, ბოლნისში, თეთრიწყაროსა და დმანისში, ხოლო 27-28 ოქტომბერს, კლინიკა „რუსთავის” ტერიტორიაზე იგეგმება სკრინინგის აქცია. სკრინინგის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ კლინიკა „რუსთავს” ტელეფონის ნომერზე – 0341 250115.

,,სახელმწიფო აფინანსებს ამ ძვირად ღირებულ პროცედურებს და ჩვენ გვინდა, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ყველა ქალბატონს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ სკრინინგით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი სკრინინგ ცენტრის ფილიალში. კამპანიის ფარგლებში, კი რუსთავში 27-28 ოქტომბერს კლინიკა ,,რუსთავის” ტერიტორიაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის მამომობილი იქნება განთავსებული და ეროვნული სკრინინგ ცენტრის მამოლოგები ჩაატარებენ ქალბატონების გამოკვლევას”, – განაცხადა “ქართული ოცნების” რუსთავის ქალთა ორგანიზაციის საბჭოს წევრმა მარი ლიპარტელიანმა.
„ვარდისფერი ოქტომბრის” სახელით ცნობილი კამპანია მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და მას „ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაცია მეორე წელია, უერთდება. შესაბამისად, მეორე წელია ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაციის მიერ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის აქტივობები ტარდება. გასულ წელს, რუსთავში ჩატარებული სკრინინგის აქციის დროს 180-მდე ქალბატონმა ჩაიტარა უფასო გამოკვლევა, მათგან ნაწილს დამატებითი კვლევის რეკომენდაცია მიეცა, ნაწილი კი, სპეციალიზებულ კლინიკაში გაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები