ნინო ლაცაბიძე: რუსთავში წყალმომარაგების მიმართულებით პრობლემების საბოლოოდ აღმოსაფხვრელად, მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბური სამუშაოები გრძელდება

რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსთავის მერიაში აცხადებენ.
მათი ცნობით, კომპანია GWP-იმ ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი მაგისტრალური ქსელის განახლების სამუშაოები დაიწყო.
რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაეცნენ.

,, რუსთავში წყალმომარაგების მიმართულებით პრობლემების საბოლოოდ აღმოსაფხვრელად, მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბური სამუშაოები გრძელდება. ჩვენ ჩართულები ვართ მონიტორინგის პროცესში და აქტიურად ვადევნებთ თვალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი, რომელიც წყალსადენის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე, კომპანიის მხრიდან 16 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს, აუცილებლად მოაგვარებს პრობლემას, რომელიც ჩვენს ქალაქში წლების განმავლობაში გვქონდა”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვლება 5 კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, მოეწყობა 54 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 26 ერთეული საკვანძო ჭა, დამონტაჟდება ორი ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.
,,სამუშაოების მასშტაბურობა ადგილზე კარგად ჩანს და ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ რუსთავს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეს. პროცესი ვერ იქნება მოკლევადიანი, საკმაოდ ხანგრძლივია, რადგან ამ მაგისტრალური ქსელის მშენებლობის დღიდან, ასეთი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიას დღემდე არ ჩაუტარებია”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
მდინარე ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი წყალსადენი რუსთავის წყალმომარაგების ქსელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უბანია. სწორედ აღნიშნული ქსელის მეშვეობით მიეწოდება ქალაქს ხრამის სათავე ნაგებობიდან სასმელი წყალი. ამორტიზებული წყალსადენის ხშირი დაზიანება კი რუსთავში წყალმომარაგების შეფერხებას იწვევდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი როგორც კომპანია GWP-ში აცხადებენ, რუსთავის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ხრამის სათავე ნაგებობაზე მიმდინარე პროექტში, კომპანია GWP 16 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები