მაია ფანჯიკიძე ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა. მინისტრებს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთს პირისპირ გასაუბრებოდნენ, რის შემდეგაც უკვე გაიმართა გაფართოებული შეხვედრა დელეგაციების დონეზე. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან საუბრისას მადლიერებით აღნიშნა ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში გაწეული საქმიანობა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილი. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. სებასტიან კურცმა აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და დაადასტურა მისი ქვეყნის მზაობა, საექსპერტო დახმარება გაუწიოს საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის თემას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება წარმოადგენდა. სებასტიან კურცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ავსტრიის მხარდაჭერა. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად გადაწყვეტის საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. საქართველოსა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს კულტურისა და განათლების სფეროებში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და განიხილეს შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები