“სიახლეს აღარ წარმოადგენს, რომ რადიკალური ოპოზიცია კატეგორიულად მოწოდებულია, საქართველომ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში წარმატებას არ მიაღწიოს” – ირაკლი ქადაგიშვილი
“ჩვენთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს, რომ რადიკალური ოპოზიცია კატეგორიულად მოწოდებულია, საქართველომ არ მიაღწიოს რაიმე პროგრესს, წარმატებას საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„იმედი აქვთ, იქნებ, რამე ცუდი მოხდეს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ და ამით რაღაც პერსპექტივა გაეხსნათ. ამიტომ, დღის წესრიგში კანდიდატის სტატუსის დაყენებისთანავე, მათი პოზიცია იყო მკაფიოდ საწინააღმდეგო. ამ პოლიტიკური პარტიიდან არც ერთს არანაირი წვლილი არ შეუტანია, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებაში. ამ დროს ყველაზე მეტს საუბრობენ ევროკავშირთან დაახლოებაზე, მაგრამ საქმით კატეგორიული მოწინააღმდეგენი არიან.
დღესაც, როცა გრძნობენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, შესაძლოა, საქართველომ ამ გზაზეც წარმატებას მიაღწიოს, იეზუიტთა არსენალიდან ათასგვარ სპეკულაციას ამოიღებენ – საქართველომ კი მიიღო კანდიდატის სტატუსი მაგრამ, „ქართულ ოცნებას“ და მთავრობას არ ეკუთვნისო. ზოგი ამბობს, ხალხსაც არ ეკუთვნისო. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია. რეალურად, მათი ყველა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. სტატუსი თუ მივიღეთ და ჩვენი ძალისხმევით, ამის ალბათობა დღითი დღე იზრდება, მაშინ შეეცდებიან, საქართველოს წარმატება მაქსიმალურად დააკნინონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.