ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება–გასაღების ფაქტზე ოთხი პიროვნება დააკავეს – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ერმილე გ-მ, ზურაბ ტაბიძემ, პაატა ტოგონიძემ და ოთარ ჩოგოვაძემ დაამზადეს და მეწარმე სუბიექტზე გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები, თითქოს, ერთერთ მეწარმეს მათ დიდი ოდენობის ღირებულების დამუშავებული ხის მასალა მიაწოდეს. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების სანაცვლოდ, დაკავებულებმა 9 650 ლარი აიღეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს პატიმრობას 4-დან 7 წლამდე ვადით.