გრიგოლ ლილუაშვილი: ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღესვე დატოვა.
მისივე თქმით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გამოძიების გეგმის მიხედვით გაიწერა და უმეტესი ნაწილი შესრულებულია.
„ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო, გამოკითხვიდან მეორე დღეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში. ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელს 7-იდან 15 წლამდე. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმის შესახებ გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე გამოიკითხა და არა დაიკითხა, რადგან ჩვენ სამსახურს კანონმდებლობით გამოკითხვის უფლება გვაქვს. მინდა, გითხრათ, რომ ფარცხალაძის მიერ გამოკითხვის რეჟიმში მოწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება იმ ინფორმაციისაგან, რომელიც მან განათავსა საჯარო სივრცეში. ასე რომ, შინაარსს ადვილად მიხვდებით. მან საჯარო სივრცეში რაც განაცხადა, ამაზე დიდი არაფერი განუცხადებია. ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გამოძიების გეგმის მიხედვით გაიწერა. მათი უმეტესი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი კი შესრულების პროცესში“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
კითხვაზე, გაფრინდა თუ არა ფარცხალაძე რუსეთში, ლილუაშვილმა უპასუხა:
„მან დატოვა საქართველოს საზღვარი. სად გაფრინდა და საით გაფრინდება, ეს პერსონალური ინფორმაციაა. შეიძლება, სხვა ქვეყანაში გაფრინდა, შეიძლება რუსეთის ფედერაციაში“, – აღნიშნა სუს-ის უფროსმა.