ისრაელ-პალესტინური კონფლიქტის პერსპექტივა – როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები

გერშონ ბასკინი „ბრიტანული საერთაშორისო საზოგადოებების ორგანიზაციის“ ახლო აღმოსავლეთის ფილიალის დირექტორია. ის იმ კონფლიქტურ ზონებში მუშაობს, სადაც სამშვიდობო პროცესი ჩაიშალა.

მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2006 წელს „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ებრაელი ჯარისკაცის, გილად შალიტის გათავისუფლებაში. BBC ბასკინს 14 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ ესაუბრა.

ბასკინი

მძევლების ნაწილობრივი გათავისუფლება

გილად შალიტის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები ხუთ წელზე მეტხანს გაგრძელდა (ის ისრაელის ციხეებში მყოფ 1027 პალესტინელზე გაცვალეს, საიდანაც 400 ტერორიზმისთვის იხდიდა სასჯელს). ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოლაპარაკებები ღაზაში ამჟამად მყოფი 199 მძევლის გათავისუფლებაზე ამდენ ხანს  ან უფრო მეტხანს გაგრძელდება?

ბასკინი ასე არ ფიქრობს. მისი გადმოსახედიდან, გილად შალიტის შედარება იმასთან, რაც ახლა ხდება, შეუძლებელია.

ტყვეობაში მყოფი მია სემის დედა, ქალიშვილის ფოტოთი

ის თავიდან იმედოვნებდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევა მძევლების ნაწილობრივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით: ბავშვების, ქალების, მოხუცების და დაავადებულების.

სანაცვლოდ, ისრაელი შეიძლებოდა – დაჰპირებოდა, რომ გაათავისუფლებდა პალესტინელ არასრულწლოვანებს (დაახლოებით, 190-ს) და მსჯავრდებულ ქალებს (დაახლოებით, 40-ს) ციხიდან, ამას დაემატებოდა ჰუმანიტარული ზავი 24 საათის განმავლობაში და ა.შ.

„მე ვფიქრობ, რომ ისრაელი მზად იქნება ამის გასაკეთებლად, მაგრამ „ჰამასის“ მხრიდან ჯერ არ ყოფილა არანაირი სიგნალი,“ – ამბობს ის.

„ჰამასმა“ საჯაროდ განაცხადა, რომ მძევლებს გაათავისუფლებს მხოლოდ „ღაზას წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის“ სრული შეწყვეტის შემდეგ. ფაქტობრივად, გარკვეული კულუარული საუბარი, BBC-ის თანამოსაუბრის თქმით, უკვე შედგა.

„მათ დაიწყეს იმის გაცნობიერება, რა მდგომარეობაში იყვნენ. მათ ესმით, რომ ეს დასასრულია. ამ (ისრაელის შურისძიების) ომის დაწყების შემდეგ ველაპარაკე „ჰამასის“ ორ წარმომადგენელს და ორივემ თქვა, რომ ბოლომდე იბრძოლებენ. თუმცა, არიან ამ ჯგუფის ზომიერი წარმომადგენლებიც, რომლებსაც შეიძლება ვინმეს ან საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა სურდეთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა მძევალი არ არის დატყვევებული „ჰამასის“ მიერ. ზოგი შეიპყრო ისლამურმა ჯიჰადმა (ორგანიზაცია, რომელიც აკრძალულია რუსეთში და აღიარებულია ტერორისტად აშშ-ში, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში), ზოგი კი ისლამის არმიამ, რომელიც არ ემორჩილება „ჰამასს“, – ამბობს ბასკინი.

ამავდროულად, ვითარება შეიძლება, რამდენიმე მიმართულებით წარიმართოს: შესაძლოა, ზოგიერთმა ცალკეულმა მებრძოლმა უბრალოდ გადაწყვიტოს მძევლების გათავისუფლება; შესაძლოა, ზოგიერთი მებრძოლი უბრალოდ გაიქცეს საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად და ებრაელი ჯარისკაცები გადაარჩენენ დატყვევებულ ებრაელებს. ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ასევე არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთმა პატიმარმა გაქცევაც მოახერხოს.

დრო სწრაფად იწურება

აქვს თუ არა ბასკინს რაიმე ოპტიმიზმი მძევლების უსაფრთხო დაბრუნებასთან დაკავშირებით? მას არ აქვს იმედი, რომ ყველა მძევალი შინ დაბრუნდება, მაგრამ მხოლოდ ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებას მაინც იმედოვნებს.

ამავდროულად, ასეთი სცენარის განხორციელების დროც სწრაფად მცირდება.

„როცა ისრაელის ჯარისკაცების ჩექმები გადაკვეთენ საზღვარს, მოლაპარაკებები აღარ იქნება“, – ამბობს ის. მთავარი ის არის, რომ ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ „ჰამასს“ აღარ ექნება არანაირი მიზეზი, მძევლები ცოცხალი დატოვოს.

თითქოს, მებრძოლებმა ადრეც თქვეს, რომ ყველას სიკვდილით დასჯიდნენ, მაგრამ შემდეგ „ჰამასის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ისმაილ ჰანიემ, რომელიც ყატარში იმყოფება, თქვა, რომ მათ არავინ დასჯის.

ჰანიესს, ბასკინის აზრით, შეუძლია თქვას, რაც უნდა. ის შორს და შედარებით უსაფრთხოდაა. მაგრამ, როგორც კი ისინი, ვისაც ებრაელები ტყვეობაში ჰყავთ, გააცნობიერებენ, რომ გარდაუვალი სიკვდილის წინაშე დგანან, მათ შეუძლიათ, განახორციელონ საჩვენებელი სიკვდილით დასჯა.

მათ შეიძლება, იმედი ჰქონდეთ, რომ მძევლების მკვლელობა ისე შეაშინებს ებრაელებს, რომ ზეწოლას მოახდენენ საკუთარ მთავრობაზე და აიძულებენ, დაუყოვნებლივ წავიდნენ დათმობებზე.

საუბარია იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ შუამავლებს ამ ვითარებაში.

„გარკვეული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს“, – ამბობს ბასკინი. თურქეთი, ეგვიპტე და ყატარი ერთადერთი ქვეყნებია, რომლებსაც „ჰამასზე“ რაიმე გავლენა აქვთ.

ირანი? არა, ირანის როლი ძალიან გადაჭარბებულია. თეირანი „ჰამასს“ ეხმარებოდა ფულით, მაგრამ არა იარაღით.

შეძლებს თუ არა ისრაელი ამ ომის მოგებას?

ბასკინის თქმით, „ჰამასის“ განადგურება შესაძლებელია. ისრაელს ჰყავს ძლიერი არმია და საკმარისი იარაღი, თანაც, აშშ-მა დაიწყო ახლის მიწოდება.

ებრაელებს გადაწყვეტილი აქვთ, საქმე ბოლომდე მიიყვანონ. რეზერვისტთა რაოდენობა, რომლებიც შეგროვების პუნქტებში გამოცხადდნენ, 130% იყო: მოვიდნენ ისინიც, ვისთანაც გამოძახება არ გაუგზავნიათ.

ისრაელის სამხედროებმა, ბასკინის თქმით, იციან, რასაც აკეთებენ. თუ მათ ჩრდილოეთ ღაზას ყველა მცხოვრებს უბრძანეს სამხრეთით გადაადგილება, ეს არ ნიშნავს, რომ შეტევა ჩრდილოეთიდან დაიწყება. ის ასევე შეიძლება, დაიწყოს ზღვიდან დასავლეთით, აღმოსავლეთით ან სამხრეთით. არმია არ ჩქარობს, ყურადღებით გეგმავს შემდგომ მოქმედებებს.

BBC-ის თანამოსაუბრე ამ ოპერაციის შედეგების პროგნოზირებაზე უარს ამბობს.

„მე შემიძლია მხოლოდ ვიწინასწარმეტყველო, რომ ბევრი რამ განადგურდება, იქნება ბევრი სიკვდილი და ბევრი სისხლი. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ომი, მაგრამ ვერ იწინასწარმეტყველებთ, როგორ დასრულდება იგი,” – ამბობს ის.

ეჭვგარეშეა, რომ ბევრი ღაზაელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპება და ისრაელის ჯარისკაცების სიკვდილიც გარდაუვალია, მაგრამ ბასკინის აზრით, „საზოგადოება მზად არის ამისათვის“.

ომის შემდეგ

ბასკინი შორსაა იმისგან, რომ  ყველაფერში მხოლოდ პალესტინელები დაადანაშაულოს. მას ესმის მათი, როცა ამბობენ, რომ აღარ შეუძლიათ ასეთ პირობებში ცხოვრება და რომ ისრაელი ახორციელებდა პოლიტიკას, რომელიც სასტიკი იყო ღაზას მოსახლეობისთვის. თუმცა, ბასკინი ამბობს, რომ არ არსებობს გამართლება მათ მიერ ჩადენილი სისასტიკეებისთვის.

მას მიაჩნია, რომ პალესტინელების მომავლის დაგეგმვა ახლავე უნდა დაიწყოს.

„როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენც გვექნება ბელფასტის მომენტი (საუბარია 1998 წლის ე.წ. დიდი პარასკევის შეთანხმებაზე, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიტიკური სიტუაციის მოგვარების დასაწყისი იყო). ჩვენ იმდენ ენერგიას, კრეატიულობას და ფულს ვხარჯავთ ერთმანეთის მოკვლაზე, რომ დრო მოვა, დავიწყებთ ამ ენერგიის დახარჯვას ერთმანეთთან ცხოვრებისთვის“, – ამბობს ბასკინი.

თუმცა, მისი აზრით, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება მთავრობა როგორც პალესტინაში, ასევე ისრაელში.

ის დასძენს, რომ „ჰამასის“ განადგურება შესაძლებელია, მაგრამ არა მისი იდეოლოგიის. ამიტომაც, ისრაელმა  დაუყოვნებლივ უნდა გამოაცხადოს, რომ არ აპირებს მისი კონტროლის ქვეშ არსებული ზოლის დარღვევას. მან უნდა ითანამშრომლოს ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის, ეგვიპტესთან, საუდის არაბეთთან, იორდანიასთან, დასავლეთ სანაპიროს პალესტინელებთან, კოორდინაცია გაუწიოს თავის საქმიანობას საერთაშორისო საზოგადოებასთან – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი გააკეთოს „მშვიდობიანი და უსაფრთხო ღაზას” ასაშენებლად.

ყველაზე ცუდი რა შეიძლება, მოხდეს? ბასკინი დარწმუნებულია, რომ ყველაზე ცუდი ებრაელი დევნილების ღაზაში დაბრუნება იქნება. ეს, მისი აზრით, არ არის გამორიცხული დღევანდელი ხელისუფლების პირობებში.

„თუ დევნილები ღაზაში დაბრუნდებიან, ჩვენ განწირულები ვართ”, – აცხადებს ის.

მისივე თქმით, ღაზას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ აყვავდეს. ის ზღვის პირას მდებარეობს და 1999 წელს „პალესტინის რივიერას“ აშენებაზეც კი იყო საუბარი. შემდეგ იყო მოლაპარაკებები „მარიოტის“ სასტუმროებთან. ისრაელი უნდა დაეხმაროს პალესტინის ყველა ტერიტორიის ეკონომიკურ აღდგენას, რადგან მის ინტერესებში შედის მშვიდობიანი და აყვავებული მეზობელი.

– რა თქმა უნდა, ეს სიზმარია, – იღიმება ბასკინი, – მაგრამ თუ არ ვიოცნებეთ, რა დაგვრჩება?!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები