კობახიძე – კიკილაშვილზე: იმპიჩმენტის პროცედურის მის კანდიდატურასთან დაკავშირება, ცარიელი სპეკულაციაა
“მან საბუთები შემოიტანა ბევრად ადრე, ვიდრე იმპიჩმენტის პროცედურა აღიძვრებოდა, შესაბამისად, იმპიჩმენტის პროცედურის მის კანდიდატურასთან დაკავშირება, ცარიელი სპეკულაციაა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ გოგა კიკილაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, ქვეყანას ლეგიტიმურად დაკომპლექტებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჰყავს.
„ფაქტი ჯიუტია, 5 არამოსამართლე წევრი არჩეულია. რადიკალური ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველსაც უწუნებდნენ ლეგიტიმაციას, თუმცა, ქვეყანას ლეგიტიმური სახალხო დამცველი ჰყავს. ასევე ქვეყანას ლეგიტიმურად დაკომპლექტებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჰყავს. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შვილის არჩევას – ჩვენ ამაზე ინფორმაცია არ გვქონდა. მან საბუთები შემოიტანა ბევრად ადრე, ვიდრე იმპიჩმენტის პროცედურა აღიძვრებოდა, შესაბამისად, იმპიჩმენტის პროცედურის მის კანდიდატურასთან დაკავშირება, ცარიელი სპეკულაციაა. რაც შეეხება იმას, რომ მისი არჩევა დროში დაემთხვა, ამას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა – გიორგი სოსიაშვილი არჩეულ იქნა გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატად. დაგვემატა ერთი წევრი და ამან გახადა შესაძლებელი 90 ხმის მოგროვება. რეკომენდაცია შესრულებულია. რეკომენდაცია იყო 90 ხმით საბჭოს წევრების არჩევა და ეს შესრულებულია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 17 ოქტომბერს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია. გოგა კიკილაშვილის მამა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილია, რის გამოც გაკეთდა შეფასებები, რომ კიკილაშვილი საბჭოს წევრად არჩევა მის ნათესაურ კავშირსა და იმპიჩმენტის პროცედურას უკავშირდება. აღნიშნულს გუშინ, თავად გოგა კიკილაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია არასწორ მონაცემებს შეიცავს და მის პროფესიულ და პიროვნულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
გოგა კიკილაშვილის თქმითვე, ადგილი აქვს მცდელობას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად მისი არჩევა დაუკავშირდეს არა მის პროფესიულ კვალიფიკაციას, არამედ ნათესაურ კავშირებს.