მერი ბიწაძე – დავიწყებას გადარჩენილი პოეტი
მწერალთა სახლში პოეტ მერი ბიწაძის ახლახან დაბეჭდილი კრებულის „ჯვარცმული ლექსის” (გამომცემლობა „მწიგნობარი”) წარდგენა გაიმართა. დაუფასებელი, ტრაგიკული ბედის პოეტის აღიარება მისი გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ დაიწყო და მის ნამდვილ ფასს ამიერიდან კიდევ მრავალი მკითხველი შეიგრძნობს.
მთელი ცხოვრება იგი სოფელ კარდენახს არ გასცილებია, მაგრამ მისთვის ამას არ შეუშლია ხელი პოეზიის წინაშე პირნათელი დარჩენილიყო, მისი სულის ანაბეჭდები დიდი ტკივილით არის ნასაზრდოები და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე.
წიგნის სახელწოდება „ჯვარცმული ლექსი” ზუსტად გამოხატავს მერი ბიწაძის მიწიერი ცხოვრების სინამდვილეს, რომლის სისასტიკემ და ულმობლობამ იგი მაინც ვერ გატეხა და დარჩა ვალმოხდილი ადამიანების და პოეზიის წინაშე.
მერი ბიწაძის პოეზიის სიმძაფრესა და მშვენიერებაზე გაამახვილეს ყურადღება წიგნის წარდგენაზე სიტყვით გამომსვლელმა პოეტებმა: თამარ შაიშმელაშვილმა, ხათუნა შავგულიძემ, ნინო არსენაშვილმა, მაია დიაკონიძემ, ნანა შალამბერიძემ, კაფკას ქართულად მთარგმნელმა რუსუდან ღვინეფაძემ, ასევე სოფელ კარდენახის წარმომადგენლებმა: ანა მჭედლიშვილმა, მარინე ჭუჭულაშვილმა, ზურაბ ბეროზაშვილმა, ნინო კორკოტაშვილმა, თეა ჩახვაშვილმა, რომლებიც წლების წინათ მერი ბიწაძის ხელმძღვანელობით ეზიარნენ პოეზიის სამყაროს და დღეს საქართველოს ღირსეული მოქალაქეები არიან თავთავიანთ სფეროებში.
ასევე სიტყვით მიმართეს საზოგადოებას პოეტ მერი ბარნაბიშვილის შვილმა მაია მაზიაშვილმა, ვისი დედის განუყრელი და უერთგულესი მეგობარი იყო მერი ბიწაძე.
წიგნის გამომცემელს გიორგი ლალიაშვილს და რედაქტორ თამარ შაიშმელაშვილს მადლობა გადაუხადა მერი ბიწაძის ძმისშვილმა მაია ბიწაძემ.
მერი ბიწაძის „ჯვარცმული ლექსის” შეძენა შესაძლებელია მერაბ კოსტავას №14 ნომერში არსებულ მაღაზია „სტამბის წიგნებში”. მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება მერი ბიწაძის საფლავის შემდგომ კეთილმოწყობას, რომელსაც ასეთი სისათუთით უპატრონეს კარდენახელი ფრიდონაშვილებისა და ჭუჭულაშვილების ოჯახებმა.